საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და ოთხ გვირაბზე ხორციელდება.
დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
უწყება განმარტავს, რომ ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ასევე საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.