ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ხმაური იყო. შენობიდან გამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც დღეს აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, ხმაურით დახვდნენ მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრები. ისმოდა შეძახილები და საყვირების ხმა.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პრემიერთან მისვლა და გასაუბრება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ცენტრალური სტადიონიც დაათვალიერა, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ტერიტორიაზე მას კვლავ შეძახილებით დახვდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი სკანდირებდნენ „სამარცხვინო გახარია“.
აქციის მონაწილეები გიორგი გახარიასთან მიახლოებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პრემიერ-მინისტრმა ტერიტორია უკვე დატოვა.