ბათუმის „სათნოების სავანის“ დირექტორი - დაწესებულებაში უცხო პირი არ შემოსულა, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ შემოიტანა თუ არა ინფექცია თანამშრომელმა
ბათუმის „სათნოების სავანის“ დირექტორი - დაწესებულებაში უცხო პირი არ შემოსულა, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ შემოიტანა თუ არა ინფექცია თანამშრომელმა

ბთუმის „სათნოების სავანეში“, სადაც კორონავირუსი სულ 25 ხანდაზმულს და ათ თანამშრომელს დაუდასტურდა, მოხუცებულთა მოსავლელად მოხალისეების დახმარებას ითხოვენ.

„სათნოების სავანის“ დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, ამჟამად, „სავანეში“ 90 ბენეფიციარია და პერსონალი არ ჰყოფნით. მისივე განცხადებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალგაზრდა მოხალისეების გამოგზავნას დაჰპირდა, ისინი საკარანტინო პირობებში „სათნოების სავანეში“ იცხოვრებენ.

დეკანოზმა დააკონკრეტა, რომ სულ 25 ბენეფიციარია ინფიცირებული და მათ შორის არიან ის ინფიცირებულებიც, რომლებსაც ვირუსი ათ სექტემბერს დაუდასტურდათ.

„რასაც გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ. 2 სექტემბრის შემდგომ გადასული ვართ საკარანტინო რეჟიმზე, 10 სექტემბრიდან ყველა ბენეფიციარი იყო თვითიზოლაციაში. დაწესებულებაში უცხო პირი არავინ შემოსულა, ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ შემოიტანა თუ არა დაავადება თანამშრომელმა“,- განაცხადა დეკანოზმა.

ბათუმის „სათნოების სავანეში“ დღეს კიდევ ხუთი ხანდაზმულის ტესტების პასუხებს ელოდებიან. ერთი ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა.