ბათუმის სასამართლოსთან მოქალაქეები მშენებელი კომპანიის საქმის გახილვის დაჩქარებას ითხოვენ
ბათუმში 60-მდე ოჯახი უკვე 10 წელია საცხოვრებელი კორპუსის დასრულებას ითხოვს. უმრავლესობას ფართის საფასური წინასწარ აქვს გადახდილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დღეს მათი მორიგი საპროტრსტო აქცია გაიმართა.
ჭავჭავაძისა და ყოფილი ტურგენევის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებლებმა მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ისინი მოსამართლეებს საქმის განხილვის დაჩქარებას სთხოვენ.
“10 წელია სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. მივმართეთ პროკურატურას, ასევე სასამართლოს. თუმცა საქმის განხილვა ჭიანურდება. გავიგეთ, რომ დღეს უნდა გაიმართოს პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქციის მიზანია, ვაიძულოთ სასამართლო, მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება და ჩვენი ზიანი აგვინაზღაურონ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 10 წელია ოჯახების ნაწილი ქირით ცხოვრობს, ნაწილი კი ახლობლებს აფარებს თავს.