ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის რაიმე მითითება არასდროს მიმიცია
„როგორც კი ჩემი სიმართლე დადასტურდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურისგან მოვითხოვ, ირაკლი შავაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩემ წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია უარყონ, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი განმარტებით, ის არასდროს ჩარეულა ირაკლი შავაძის სამოსამართლეო საქმიანობაში და არასდროს არანაირი მითითება არ მიუცია.
„ბატონ შავაძესთან არასდროს მქონია სიტყვიერი დაპირისპირება, ჩვენ ერთმანეთთან არასდროს გვიკამათია, არც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიგვიმართავს ერთმანეთისთვის. მასთან კომუნიკაცია გავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, რომ მას არ სურდა, ამ პრაქტიკის გაზიარება, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების პერიოდშიც მუშაობდნენ.
მივხვდი, რომ თუ ბატონი შავაძე, რომელიც ახალი გამწესებულუ იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ახორციელებდა სისხლის სამართლებრის კოლეგიაში სამოსამართლეო საქმიანობას, მის მიმართ შესაძლო სამართლებრივად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოახდენდა სიცრუის ტირაჟირებას. შემიძლია ვთქვა, რომ წინასწარ ორი წლით ადრე ვივარაუდე ის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე რომ მასთან ორი წლისა და სამი თვის განმავლობაში მქონოდა ურთიერთობა, რა სიცრუის ტირაჟირებას მოახდენდა და რა სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც იტყოდა, თითქოს მე სხვა საქმეებზეც ვახორციელებდი მასზე ზეწოლას. საბედნიეროდ, მას ამის საფუძველი არ აქვს.
არასოდეს ბატონ შავაძესთან რაიმე მითითება საქმეებთან დაკავშირებით არ გამიცია და ვერც გავცემდი“, – განაცხადა დავით მამისეიშვილმა.
ჯერ უცნობია, რა ფორმატით გაიმართება შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო კოლექტიურად იღებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.