ბათუმის საქალაქო სასამართლო გიორგი ერმაკოვისა და ბათუმის მერიის ორი ყოფილი თანამშრომლის ადვოკატების შუამდგომლობას იხილავს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და მერიის ორი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს იხილავს. დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა ისინი საპატიმროს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღევანდელ პროცესზე უნდა გამოაცხადოს, დააკმაყოფილებს თუ არა ადვოკატების შუამდგომლობას პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა შუამდგომლობა წინა სხდომაზე დააყენეს და გირაოს უზრუნველსაყოფად თითქმის 700 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დააგირავეს. ამასთან, დაკავებულებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, სრულად აანაზღაურებენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს.
პროცესი დღეს პროკურორის მოსმენით განახლდა.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსანი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.