ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა.
კომისიაში სულ 26 საჩივარი იყო შესული. მათგან ორი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო შედგენილი, ავტორებმა უკან გაითხოვეს. რაც შეეხება 24 საჩივარს, ექვსი დაკმაყოფილდა და საუბნო კომისიის წევრებს მიეცათ გაფრთხილებები, ორი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 16 არ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, არ დაკმაყოფილდა „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლითაც პარტია ყველ უბნის შედეგების გადათვლას ითხოვდა. კომისიამ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ გადაითვალა 10 უბანი, რომელშიც სადავო მხოლოდ ოთხი ბიულეტენი აღმოჩნდა. ბათილი ბიულეტენებიდან ერთი ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაემატა, სამი კი „ქართული ოცნების“ კანდიდატს.
„ჩვენ ვითხოვდით ყველა უბნის შედეგების გადათვლას, რადგან იყო უამრავი დარღვევა, უამრავი ბათილი ბიულეტენი, ამომრჩეველსა და კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტები და სხვა დარღვევები, მაგრამ ოლქი არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს. ამიტომ, ოლქის გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – აცხადება საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირმა ხოროიშვილი.
ოლქის გადაწყვეტილებას ერთ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში „სამართლიანი არჩევნებიც“ გაასაჩივრებს.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე კი ამბობს, რომ საჩივრების განხილვის დროს აღმოჩნდა უმნიშვნელო დარღვევები.
„ოთხ ბიულეტენზე იყო საუბარი გადათვლების დროს. საჩივრებში აღმოჩენილ სხვა უზუსტობებთან დაკავშორებით საუბნო კომისიის წევრებს გაფრთხილება მიეცათ. საჩივრებში არ ყოფილა დაფიქსირებული ისეთი ფაქტები, რომელი რაიმე სახით გავლენას მოახდენდა შედეგებზე“, – განაცხადა ციალა შავაძემ.