ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-19 უბნის შედეგები გადაითვალეს - დალუქულ პაკეტებში ზუსტად იმდენი ბიულეტენი აღმოჩნდა, რაც თავიდან იყო მითითებული
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-19 უბნის შედეგებს სამი საათის განმავლობაში ითვლიდნენ. ბიულეტენების ხელახალი გადათვლა ოლქმა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე მიიღო.
როგორც ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ აღნიშნა, დალუქულ პაკეტებში ზუსტად იმდენი ბიულეტენი და ხმების იმგვარი გადანაწილება აღმოჩნდა, რაც თავიდან იყო მითითებული, შედეგი იგივე დარჩა.
მისივე თქმით, შემაჯამებელ ოქმში იყო ხარვეზი და ამომრჩეველთა რაოდენობა იყო არასწორად მითითებული, რაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასდა ტექნიკურ შეცდომად და მე-19 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მიეცა გაფრთხილება.
„შემაჯამებელ ოქმში იყო შეცდომა და ამას მოჰყვა იგივე უბნიდან შესწორება, ჩვენთან მოდის დალუქული პაკეტები, რომლის გახსნის უფლებაც არ გვაქვს და პაკეტში ზუსტად იმდენი ბიულეტენი აღმოჩნდა, რამდენიც მათზე იყო მითითებული, თუმცა პაკეტის გახსნის შემდეგ შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა ტექნიკური შეცდომა, რაც შედეგზე არანაირად არ მოქმედებს. შედეგი ზუსტად იგივე აღმოჩნდა, რაც მოგვაწოდა უბანმა“, – აცხადებს ციალა შავაძე.
მისივე თქმით, უბნებზე ტექნიკური ხარვეზებს ამომრჩევლის დიდმა ნაკადმა, ბიულეტენების დიდმა რაოდენობამ და დაძაბულმა გარემომ შეუწყო ხელი.