ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული 19 საჩივრიდან 14 უსაფუძვლოდ მიიჩნია
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესული 19 საჩივრიდან 5 დააკმაყოფილა, 14 კი უსაფუძვლოდ მიიჩნია. განხილვის პროცესი სამ საათს გაგრძელდა. დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო და საოლქო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიმართ სანქციის სახით მხოლოდ შენიშვნები გამოიყენა.
„უსაფუძვლობის გამო 14 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებულ საჩივრებში კი პროცედურულ დარღვევებზე იყო საუბარი, რაც რაიმე სახის გავლენას, შედეგზე არ ახდენს“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ანა მდინარაძის განცხადებით, პროცედურული დარღვევები სისტემური ხასიათისაა და საარჩევნო მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეტანილი.