ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა. 91 საჩივრიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 საჩივარი.
ამასთან, მე-19 უბნის შედეგებს ხვალ გადაითვლიან, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის 15-მდე სარჩელიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.
სხდომა დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი აცხადებენ, რომ აზრი არ ჰქონდა ბოლომდე დარჩენას, რადგან კომისია არც ერთ მათ საჩივარს არ აკმაყოფილებდა.
საჩივრების განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაცვის სამსახურმა დაატოვებინა.
სარჩელების განხილვის დაწყების წინ კი სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები მივიდნენ. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.