ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს [ვიდეო]
ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული წესით.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები, რომლებიც ე.წ. სირცხვილის კორიდორს აწყობდნენ, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
„აქციის მონაწილეებს მიეცათ გაფრთხილება, რომ დაეცვათ დისტანცია და გამოეხატათ მათი პროტესტი დადგენილ ფორმებში, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და მოგვიხდა მათი დაკავება ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, მოეწყოთ „სირცხვილის დერეფნები“ ყველა იმ უბნის წარმომადგენლისთვის, რომლებსაც მოაქვთ დღეს შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები საოლქო საარჩევნო კომისიაში.