ბათუმის სამშობიარო სახლიდან კოვიდინფიცირებული ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმის სამშობიარო სახლიდან კოვიდინფიცირებული ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმმა, ნუგზარ პაპავამ განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული 22 კვირის ფეხმძიმეა. ექიმის განცხადებით, ორსულს დღეს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და ხველება.

„ინფიცირებულს აღენიშნებოდა ტემპერატურა და სუნთქვის გაუარესება. ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა. ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, ვინაიდან ორსულებს არ უტარდებათ ასეთი გამოკვლევა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, პაციენტი კორინავირუსითაა ინფიცირებული. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, რომ თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 14 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე რჩება. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.