ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაურის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა გახდა, რომელიც დეპუტატებს ფრაქციამ განსახილველად დღეს წარუდგინა.
იმ ფონზე, როცა ანტიკრიზისული გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ როგორც საქართველოს ცენტრალურ, ასევე აჭარის მთავრობებს, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის მიერ ალტერნატივის სახით წარდგენილი გეგმა მმართველი გუნდის წევრებმა არასერიოზულად და პოპულისტურად მიიჩნიეს.
„მათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა იცხოვროს ტურისტულმა სექტორმა, როცა სეზონი ჩავარდება. სამაგიეროდ, ბიუროკრატიას თეთრი არ აკლდება და ბედნიერი არიან. ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა გამოიკვებოს თვითდასაქმებული ადამიანი. ბათუმის საკრებულოს არც ერთ დეპუტატს აზრად არ მოსვლია, რომ ქალაქს სჭირდება ანტიკრიზისული გეგმა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველმა გუნდმა დემაგოგიაში დაადანაშაულა და სპექტაკლების გამართვისგან თავშეკავება ურჩია.
„საკრებულოში შემოსული თითოეული საკითხი გადის შესაბამის პროცედურებს. დღეს დილით დაურეგისტრირებიათ, ჩვენ არც კი ვიცოდით. საუბარია გეგმაზე, რომელიც ჯერ არ მინახავს. მსმენელმა იმსჯელოს, თუ შეიძლებოდა ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ნანახი არ აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ
გეგმა წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც ომის პერიოდში და შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა. ახლა გახდნენ ყველაზე მაგრები. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრისა და რეგიონის ხელმძღვანელის მიერ“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ.
საკრებულო დღეს ბათუმის მერიის ანგარიშს მოისმენს.