ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი დაპირისპირება ტერენტი გრანელის ბიუსტის საკითხს მოჰყვა [ვიდეო]
ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ამჯერად ტერენტი გრანელის ბიუსტის საკითხს მოჰყვა.
ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.
ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება. მირდატ ქამადაძემ კი, მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
ზოიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც საკრებულოს წევრი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბათუმის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის პირველად ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ბათუმის წყალში“, „სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებ-ში ნეპოტიზმია, აღნიშნულ სამსახურებში ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული და სწორედ ამიტომ არ აწვდიან თანამშრომლების სიას.