ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ და “ლელოს“ წევრების განცხადებებს მოჰყვა.
„ლელოს“ წევრმა, ვაჟა დარჩიამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მშობლებს, ურეკავენ და აშანტაჟებენ.
„რეაგირებას ვითხოვთ და კოლეგებისგან სოლიდარობას, როცა ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს, ღამის სამ საათზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან, რომ მათმა შვილებმა აქციებზე აღარ იარონ. რას ნიშნავს ეს? ხელისუფლება ვალდებულია ეს გამოიძიოს და გაგვაგებინოს, თუ თავად არ დგანან, ვინ დგას ამის უკან“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიურად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს და მათ უკან დგას ოპოზიცია და ესეც გამოსაძიებელია.
„რა თქმა უნდა, აგრესია დასაგმობია, ყველა ეს ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, შესაბამისი ორგანოები ამას გააკეთებენ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა კიდეც. დარწმუნებული ვარ, ვინც დგას ამის უკან, ხელს უწყობს უფრო მეტ პოლარიზაციას და ქვეყნის დაქსაქსვას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნატალია ზოიძემ.
სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.