ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა
ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩაინიშნა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. სხდომაზე არ მივიდა „ქართული ოცნების“ 16 და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. რეგისტრაცია 15-მა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად სხდომაზე დასასწრებად „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მივიდნენ.
ოპოზიცია სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა.
„ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ჩვენ ყოველ კვირას მოვიწვევთ სხდომებს და დავანახებთ მოსახლეობას, რამდენად უპასუხისმგებლოა მმართველი გუნდი“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიზანი სწორედ „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობის ჩვენებაა.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ დღეს ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგი იყო პროვოკაციული და მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
„დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმებას ითხოვენ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედება ქალაქის განვითარების წინააღმდეგ რაშიც რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, თენგიზ აფხაზავამ.