ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომას, რომელზეც ახალარჩეული დეპუტატის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობამდე არ აქვს კვორუმი, ამიტომ გადაწყვიტა, დღევანდელი სხდომა გამოცხადდეს, როგორც 3 დეკემბრის სხდომის გაგრძელება, რა დროსაც მოხდა დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი მიუთითებს, რამდენად დესტრუქციულ ძალასთან აქვთ საქმე. მისივე თქმით, ოპოზიცია 70 პროცენტით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაზე ამბობს უარს.
„ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე. ისევ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთობლივად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ისინი 70 პროცენტით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაზე ამბობენ უარს, არადა, გახსოვთ, როგორ იძახდნენ, რომ საკრებულოს ფუნქციონირება ქალაქისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.
აფხაზავამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომა ისევ ჩაინიშნება, თუმცა მანამდე დეპუტატებთან კონსულტაციები გაგრძელდება.