ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მერიის შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნა, ქალაქის მერთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავდაპირველად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მერის კაბინეტში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ საკონფერენციო დარბაზი დაიკავეს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა დეპუტატებს დარბაზის გათავისუფლება მოსთხოვეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.დეპუტატები გასვლას არ აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ისინი ძალით გაიყვანეს.

მერიის შენობის დერეფანში ხმაური ამ წუთებში ისევ გრძელდება. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები უმაღლესი საბჭოდან. ისინი ჯერჯერობით შენობის დატოვებას არ აპირებენ.

რაც შეეხება ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანი ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მერიის პრესსამსახურმა ჩიქოვანის ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა პრობლემა არ არის.

„ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა ზოგადად, არ დგას. ის საცირკო წარმოდგენები და ყოველდღიური დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით, ბუნებრივია, მიუღებელია ჩვენთვის.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი თანამოქალაქეები, მათზე ზრუნვა და ის პროგრამები, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.