ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ.

დაპირისპირების მიზეზი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოსგან მოითხოვეს პასუხი, რატომ არ აღიკვეთა უკანონო მშენებლობა.

„გაგვაგებინეთ, რა შენდება. ეს არის ყაზარმა, თუ სხვა საიდუმლო ობიექტი, დაინტერესდით ამით?“, – მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

კირთაძე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, რის საშუალებაც რეგლამენტიდან გამომდინარე სხდომის თავმჯდომარემ არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური, რის გამოც სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ სალუქვაძის განცხადებით, მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს, რაზეც შესაბამის უწყებებს ჰქონდათ რეაგირება.

„შვიდჯერ დაჯარიმდა ობიექტი. ეს არის კერძო ტერიტორია და საქმე გადაცემულია სასამართლოში, მეტი რა რეაგირება გინდათ“, – განაცხადა თამაზ სალუქვაძემ.

20-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.