ბათუმის საკრებულომ გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა
ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ბათუმში მდებარე გრიბოედოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხი არ შეიტანეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.
ინიციატივა ბათუმში გრიბოედოვის ქუჩის სახელის შეცვლისა და მისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, მირდატ ქამადაძეს ეკუთვნის.
„სიმბოლური იქნება, თუ ზუსტად გრიბოედოვის ქუჩას მიენიჭება ტატუნაშვილის სახელი, რადგან გრიბოედოვი იყო მეფის რუსეთის სიმბოლო. თუ ისაა პრობლემა, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ ეს ინიციატივა, ახლავე გავიტანთ უკან და თქვენ დააყენეთ“,- მიმართა საკრებულოს მირდატ ქამადაძემ.
საკრებულოს უმრავლესობამ საკითხის განხილვას მხარი არ დაუჭირა. როგორც სხდომაზე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ განაცხადა, ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე ჯერ იურიდიულმა, შემდეგ კი, სამთავრობო კომისიამ უნდა იმსჯელოს.
„გარდა ამისა, უნდა გამოიკითხონ თავად გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროცედურულად საკითხის განხილვა“, – განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ.
საკრებულო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე მსჯელობს.