ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-სგან 92 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელდა 92 წლის მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს. ინფორმაციას კლინიკა საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აკაკი მჟავანაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს მკვიდრია, ის უკვე გაეწერა კლინიკიდან და რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადის.
„გაიცანით 92 წლის აკაკი მჟავანაძე, ჩვენი გმირი ბაბუა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა. აკაკი ბაბუ საერთაშორისო ჰოსპიტალის კოვიდცენტრში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ის პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ უხუცეს პაციენტს მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს, ათწლეულების წინ მას ცალმხრივი პულმენოქტომია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მეორე ფილტვი ამოკვეთეს. ჩვენი მედიკოსების დახმარებით აკაკი ბაბუმ ვირუსი დაამარცხა, ახლა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს უკვე შუახევში, მშობლიურ სოფელში გააგრძელებს. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბაბუას“, – წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.
აჭარაში „კოვიდ-19“ უკვე 25 ათასზე მეტმა ინფიცირებულმა დაამარცხა.