ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, Terminal Towers-ის საკონფერნეციო ოთახში დაიწყება.
„ალტერნატიული ტალღა 2020“-ის მთავარი მიზანია, უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით, მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.
„ალტერნატიული ტალღა“ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ქართველ კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა. მოგვიანებით შერჩეული პროექტების წარდგენა ხდება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.
„ალტერნატიულ ტალღას“ კოორდინაციას უწევენ პროდიუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.
„ალტერნატიული ტალღის“ 2020 წლის გამოშვებითვის შერჩეული პროექტებია: „ბექა“- სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული; „ჰამაკი“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი; „მეათე მოწმე“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე; „გამოღვიძება“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი; „ცივი ღრუბლები“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე; „კარგი ბიჭები“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე; „უწყვეტი გზა“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი; „სიჩუმის ქაოსი“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი; BRULE LE SANG – სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი, რეჟისორი აკაკი ფოფხაძე.
მოწვეული ექსპერტები არიან: ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი); ლორან დანილო (საფრანგეთი); თამარ ტატიშვილი (საქართველო); გულინ უსტუნი (თურქეთი); გელა ბაბლუანი (საქართველო).
29 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით, მოწვეულ სპიკერებს ონლაინჩართვების დახმარებით, კომუნიკაცია ექნებათ პლატფორმის მონაწილეებთან, რომლებიც კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით მიიღებენ: სცენარის განვითარება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, კოპროდუქცია, პროექტის განვითარება, საერთაშორისო ფესტივალები/ინდუსტრიული პლატფორმები, დისტრიბუცია.
ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღის“ მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.