ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე დავით გეგიაძე დააკავა.
შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სავარაუდოდ გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული კოვიდინფიცირებული მეგობრის ნახვას ითხოვდა, ამას ექიმის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგაც გეგიაძემ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დავით გეგიაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ გეგიაძე ნამდვილად მათი თანაგუნდელია.
შსს-ს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.