ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც ამჟამად კოვიდცენტრი მოქმედებს, ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი გადაეცა. ასევე, კლინიკას გადასცეს ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური სისტემები, ექოსკოპიის აპარატი, საოპერაციო მოწყობილობები და სხვა.
საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვა ისევ გაგრძელდება. კლინიკაში არსებულ სიტუაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
„ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა გეგმურად მიმდინარეობს. კოვიდინფექციის გავრცელების პირველივე ეტაპზე სახელმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევძელით, რომ სრულად მომხდარიყო ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა.
დღეს კლინიკას შეემატა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, საოპერაციო მოწყობილობები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სცენარის შემთხვევაშიც კი რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეძლოს, ერთი მხრივ, „კოვიდის“ ეფექტიანად მართვა, ასევე გრძელვადიანად შეძლოს, შეასრულოს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ფუნქცია“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მიმდინარე წლის აპრილიდან ჩართულია კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი.