ბათუმის „რედისონის“ მენეჯმენტი ერთ-ერთი უცხოელი სტუმრის „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ფაქტს ადასტურებს
ბათუმის სასტუმრო „რედისონის“ მენეჯმენტი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ მის ერთ-ერთ სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროს მიერ საქართველოს პირველი არხისთვის გამოგზავნილი განცხადების თანახმად, სტუმარს, ლუგარის ლაბორატორიაში განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად, დაუდგინდა „კოვიდ -19“, სიმპტომების გარეშე.
„კოვიდ-19“ ის დადასტურებული შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, სტუმარი გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სასტუმრო „რედისონის“ თანამშრობლებმა იმოქმედეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. ადგილზე მაშინვე მოვიდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს მოკვლევა და გასცეს დამატებითი რეკომნედაციები. ამ დროისათვის სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ემსახურება ტურისტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სასტუმროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სტუმარმა გაიარა ყველა ის პროცედურა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი.