ბათუმის პორტში მიმდინარე შიმშილობის აქციის ორი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმის პორტში მიმდინარე შიმშილობის აქციის ორი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი შეუძლოდ დილით გახდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარების შემდეგ პაციენტიების საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. მედიკოსთა განცხადებით მათ მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევის ნიშნები აღენიშნებათ. პაციენტები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
ბათუმში უკვე იმყოფება დელეგაცია ასტანიდან. პორტის მმართველი კომპანიის წარმომადგენლები მოშიმშილეებს შეხვდებიან. პორტში უკვე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მისი მოლაპარაკების პროცესში ჩართვა მოშიმშილეებმა მოითხოვეს.
ბათუმის პორტის ექვსი თანამშრომელი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი მიმდინარე რეორგანზაციას აპროტესტებენ და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა. პორტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პორტის ხელმძღვანელობა დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს, თუმცა გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.