ბათუმის პორტის თანამშრომლები კვლავ დირექტორის გადადგომას ითხოვენ
ბათუმის პორტის თანამშრომლები კვლავ დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ბათუმის პორტში თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. თანამშრომლების ნაწილი სამუშაოზე უარს აცხადებს.

აქციის მონაწილეების თქმით, პორტი პარალიზებულია.

გაფიცულთა მოთხოვნა უცვლელია. ბათუმის პორტის თანამშრომლები კვლავ დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

რამდენიმე მოშიმშილე ადამიანმა პორტის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს ღამე გაათენა.

„არ შევწყვეტთ აქციას, სანამ არ გადადგებიან დირექტორი და მისი დამხმარეები, რომლებიც ცდილობენ სამსახურებიდან ხალხის გაშვებას. პორტი პარალიზებულია, მხოლოდ ერთ გემზე მიდის მუშაობა. როგორც კი ის დაიცლება, იქ დასაქმებულებიც შემოგვიერთდებიან“, – აცხადებს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პორტის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ და მათ მოსალოდნელი რეორგანიზაცია გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.