ბათუმის პორტის მოშიშმშილე თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ბათუმის პორტის ექვსი გაფიცული თანამშრომელი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა.
პორტის მმართველი კომპანიის სათაო ოფისის დელეგაცია ასტანიდან ბათუმში დღეს ჩავიდა. დელეგაციის წევრებმა პორტის მოშიმშილე თანამშრომლები შეხვედრაზე მიიწვიეს. აქციის მონაწილეებმა მედიატორის გარეშე შეხვედრაზე უარი განაცხადეს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის დასწრება მოითხოვეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე პორტში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იგი შეხვედრას დაესწრება და როგორც პირველ არხთან განაცხადა, მედიატორის ფუნქციას იტვირთებს. დეტალები მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბათუმის პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი პორტში მიმდინარე რეორგანზაციას აპროტესტებენ და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა. პორტის გენერალურმა დირექტორმა, დანიარ მუხამედ-რახიმმა განაცხადა, რომ პორტის ხელმძღვანელობა დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს, თუმცა გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.