სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონა სტანდარტული მანდარინი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.
ბათუმის პორტიდან გემ „კაუნასით“ დღეს 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა.
მანდარინის გადაზიდვის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად პორტში ადგილზე გაეცნო.
„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000-ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიმდინარე დამუშავების ოპერაცია, რომელიც ექსპორტისთვის არის საჭირო, ხორციელდებოდეს უსწრაფესად, არც ერთ ექსპორტიორს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეფერხება. ეს მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს სწრაფი, რომ ყველამ ფერმერმა შეძლოს, დაგეგმილი შემოსავლების მიღება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.