ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის პროცესი შეფერხდა
ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის პროცესი შეფერხდა

ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მეოთხე მაჟორიტარული ოლქის 14-ივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩევლები უკვე გამოცხადდნენ უბნებზე.

დღეს არჩევნები ბათუმში ელექტრონული სისტემით ტარდება. 23-ე და 76-ე უბნებზე დაფიქსირდა ხარვეზი. არ მუშაობს ვერიფიკაციის აპარატები, რის გამოც კენჭისყრა შეფერხდა.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფები, თუმცა არსებობს სათადარიგო ვარიანტიც, ხანგრძლივი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის მიცემას გააგრძელებს ტრადიციული მეთოდით.

„14-ივე უბანი დროულად გაიხსნა. ყველა პროცედურამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად ჯგუფები მუშაობენ. შეიძლება, გამოიყენონ ვერიფიკაციის სათადარიგო აპარატები, ან გაიხსნება სამაგიდო სია და კენჭისყრა გაგრძელდება ტრადიციული მეთოდით“, – განაცხადა ციალა შავაძემ.

დღეს ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული – „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე.

ოლქში 26 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.