ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ დღეს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით, გიორგი გახარიასადმი სიმპათიის გამო გაათავისუფლეს.
მისი მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების სხვა მოტივი არ არსებობდა, არ იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა ღიად აფიქსირებდა ყოფილი პრემიერის მიმართ კეთილგანწყობას.
„2013 წლიდან ვარ საჯარო სამსახურში. მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა არჩილ კონცელიძემ დღეს მთხოვა შეხვედრა და განცხადების დაწერა. ამ მოთხოვნას ვუკავშირებ მხოლოდ იმას, რომ გახარიას მიმართ მაქვს სიმპათიები, არანაირი სხვა პოლიტიკური აქტივობა არ მქონია, სხვა სამსახურებრივი პრობლემა არ გამაჩნდა, შესაბამისად, სხვა დასაბუთება არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი თავდგირიძემ.
მუნიციპალურ ინსპექციაში კი ბრალდებას უარყოფენ.
„ირაკლი თავდგირიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, არანაირი ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა, მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადეს საქართველოს პირველ არხთან ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.