ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია „მეტრო ტერმინალს“ გოგოლის ქუჩაზე უნებართვო მშენებლობის შეჩერება დაევალა
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია „მეტრო ტერმინალს“ გოგოლის ქუჩაზე უნებართვო მშენებლობის შეჩერება დაევალა

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „მეტრო ტერმინალს“ გოგოლის ქუჩაზე უნებართვო მშენებლობის შეჩერება დაევალა.

უწყების ცნობით, კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის 39-ჯერ ხუთი ათასი ლარით, ერთხელ კი ექვსი ათასით დაჯარიმდა. ინფორმაცია მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს გაავრცელა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მეტრო ტერმინალს“ უნებართვოდ მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის შეჩერების თაობაზე დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის პირველ ივნისს, მშენებლობის დაწყებისთანავე გამოსცა, რომელიც კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული დადგენილების აღსრულების მიზნით, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ 17 დეკემბერს გადაეგზავნა აღსრულების ბიუროს. ასევე, შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის გამო. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო ტერმინალი“ პირველი ივნისიდან დღემდე, უნებართვო მშენებლობის ფაქტზე 6 000 ლარით, მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი 39-ჯერ 5 000 ლარით დააჯარიმა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.