ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება
ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
2019 წლის მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა, პიანისტმა, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან კანდელაკმა ისაუბრეს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, გასული წლის მსგავსად, წელსაც ფესტივალი იუნესკო-ს პატრონაჟით ტარდება. ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ და სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში ცნობილი მუსიკოსები ჩამოვლენ.
გარდა ამისა, ფესტივალი წელს საგანმანათლებლო ხასიათისაც იქნება. დაგეგმილია მასტერკლასები, მოეწყობა ასევე არტბანაკები.
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან. ამასთან, ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ არამხოლოდ, მუსიკოსებს არამედ მხატვრებს, მწერლებს და სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეების წარმომადგენლებს.