ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, შენობიდან გამოსულ დეპუტატებს მოძრაობა „გაბედეს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ.
ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას აქციის მონაწილეებსა და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე თანამშრომელს შორის, თუმცა ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს.
ისმოდა შეძახილები – „მონა“, პოლიციას კი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილმა „ზონდერები“ უწოდეს. სამართალდამცველებმა დაპირისპირებული მხარეები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ბათუმის მერიასთან მიმდინარე აქცია უკვე დასრულდა.