ბათუმის მერიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა
ხმაური იყო ბათუმის მერიაში. საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ შენობაში დილით მივიდნენ. ისინი თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ვიცე-მერს, შემდეგ კი შეძახილებით შეხვდნენ ქალაქის მერ არჩილ ჩიქოვანს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ ამჯერად კითხვები ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ პროექტი შეფერხებულია.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება უსაფუძვლოა. უწყების განმარტებით, უკვე დასრულდა წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზა და მიმდინარეობს მეხუთე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმარება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მერიაში ანალოგიურ აქციებს ყოველ დღე მოაწყობენ, ქალაქის ვიცე-მერი ლევან დავითაძე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მერიის საქმიანობისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ამ დროისთვის მერიის შენობაში სიმშვიდეა.