ბათუმის მერია - "საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნულ კონგრესს" მერიამ მხოლოდ კანონის შესაბამისად უპასუხა
“საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის” თხოვნას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაემართა, მერიამ მხოლოდ კანონის შესაბამისად უპასუხა. ამის შესახებ პირველ არხს ბათუმის მერიაში განუცხადეს. მათივე თქმით, ორგანიზატორებისგან მიიღეს პირობა, რომ აქცია იქნება აპოლიტიკური.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის მიერ კონგრესის პრეზიდენტის, ანჟელიკა ზახაროვასადმი გაგზავნილმა პასუხმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კონგრესი არის რუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა პერიოდის პროპაგანდასაც ეწევა.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მსვლელობაზე გამოყენებული არ იქნება საბჭოთა სიმბოლიკა. პირობების დარღვევის შემთხვევაში კი ორგანიზატორების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ნორმები.