ბათუმის კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 82 წლის პაციენტმა დატოვა
ბათუმის კლინიკა „მედალფა“ უკვე დატოვა ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა 82 წლის მამაკაცმა, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.
კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, იგი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო სჭირდება ზედამხედველობა, ამიტომ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
„მედალფას“ დატოვებს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული, რომელსაც საკონტროლო ტესტის შემდეგ ვირუსი აღარ უდასტურდება.
ამასთან, კლინიკაში დარჩენილ ორ პაციენტს დღეს ერთი ინფიცირებული შეემატა, რომელიც კარანტინში თბილისში იმყოფებოდა, იზოლაციის შემდეგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ვინაიდან პაციენტი ბათუმის მკვიდრია, იგი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მედიკოსთა შეფასებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება.
ამდენად, „მედალფაში“ საერთო ჯამში სამი ინფიცირებული რჩება.