ბათუმის ინფექციურში მოთავსებულ უკრაინის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კლინიკამ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევის პასუხი ლაბორატორიიდან დღეს მიიღო და ის უარყოფითი იყო.
უკრაინის მოქალაქე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ბათუმში გემით, იტალიიდან უკრაინის გავლით ჩავიდა. ის უკან აპირებდა დაბრუნებას, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 50 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 30 კი, საკარანტინო რეჟიმში. ამასთან, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად არც ერთი პაციენტი არ არის.