ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ციური აბულაძე თვითიზოლაციაშია. ინფორმაცია მან დღეს ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა.
ციური აბულაძის განცხადებით, იგი გერმანიაში იმყოფებოდა და საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა.
„ამჟამად ვიმყოფები ბათუმში, ნათესავმა გამითავისუფლა ბინა და ვარ თვითიზოლაციაში. თავდაპირველად, გერმანიიდან 14 მარტს ჩამოვედი თბილისში, მეუღლე გადავიდა მეგობართან და ბინაში ვცხოვრობდი მარტო. მისთვის რომ არ შემექმნა დისკომფორტი, დავბრუნდი ბათუმში და ვარ თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ციური აბულაძემ.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი გერმანიიდან რუსეთში გადავიდა და იქიდან დაბრუნდა საქართველოში.
„სხვა ქვეყანაში არ ვყოფილვარ და არც რუსეთის მოქალაქეობა მაქვს, თუმცა რომც მქონდეს, ეს კანონდარღვევა არ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ციური აბულაძემ.