ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შერვაშიძის ქუჩიდან 14 მოწამლული მოქალაქეა შეყვანილი, მათ შორის ბავშვებიც არიან
ბათუმში შერვაშიძის ქუჩაზე მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 14 მოქალაქე გადაიყვანეს. მათ შორის არიან ბავშვებიც. 14-ვე პაციენტი ამ დრომდე, სტაციონარში რჩება.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აღებულია ბაქტეოროლოგიური ანალიზი, რომლის პასუხიც ხვალ ან ორშაბათს გახდება ცნობილი.
„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ ლაბორატორიული გამოკვლევები. ბაქტეოროლოგიური ანალიზის პასუხი ხვალ ან ორშაბათს იქნება“, – განაცხადა ინფექციონისტმა, ჯემალ დუმბაძემ.
მოქალაქეები მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ და ამბობენ, რომ წყლის მილის დაზიანებისა და აღდგენის შემდეგ ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის.
წყლის სინჯები უკვე აიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. კვლევის შედეგები ხუთი დღეში გახდება ცნობილი.