ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი საშუალო სიმძიმის არის
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეა, საშუალო სიმძიმისაა.
მედიკოსების ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პერიოდული გართულებები აქვს. ის 70 წლამდე მამაკაცია და ამერიკიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის დავით მურვანიძის ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ოთხი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან ოთხი პირია გადაყვანილი. მათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. კარანტინში ყოფნისას ვირუსის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ, რის გამოც ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
„ოთხივე პირს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები,ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა დავით მურვანიძემ.
ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კარანტინში 1300-ზე მეტი პირი იმყოფება.