ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით 50-მდე მოქალაქე მოიწამლა
ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით მასობრივი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
„50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ნიჟარაძის განცხადებით, ყველა მოწამლული პირი საკარანტინო პერიოდს ასრულებდა, ნაწილმა დღეს დატოვა კარანტინი, ნაწილი კი ხვალ დატოვებს.
მისივე ინფორმაციით, ყველა მოქალაქე თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევის შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.