ბათუმის “დინამო” იძულებულია, ისევ ქუთაისში ითამაშოს, – ამის შესახებ გუნდის ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილია.
საქმე ისაა, რომ ბათუმის “დინამო” საკუთარ არენას წელს დაუბრუნდა – ანგისას ბაზაზე ორი მოედანი დააგეს, სადაც გუნდი ვარჯიშობდა და თამაშობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში მოედანი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
ამასთან დაკავშირებით ბათუმის “დინამომ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა, რომ დროებით თამაშებს ქუთაისში ჩაატარებს.
“კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო, ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ სახლში დაბრუნების პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა, მიუხედავად ამისა, უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია” – წერს ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმელები საშინაო შეხვედრებს დროებით ანგისას ბაზაზე აღარ გამართავენ.
„კლუბის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ მოიწვია სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით უკვე მიმდინარეობს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება „დინამოს“ ისევ ქუთაისში მოუწევს. სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლომდე გასტანს და ეროვნული ლიგა II-ის დასკვნითი, მეოთხე წრის მატჩებს გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. აქვე დავძენთ, რომ სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით, მიმდინარე პერიოდი, მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად და პრევენციისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია“, – აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.