ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან ბაირამის აღსანიშნავად სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს
მუსლიმური სამყარო დღეს უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს ყურბან ბაირამს აღნიშნავს. მზის ამოსვლისას აღავლინეს სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა. პარალელურად, ასევე მრევლის ნაწილმა ბაირამი აღნიშნა იმ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.
ყურბან ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. იგი ბიბლიურ სიუჟეტთანაა დაკავშირებული, რომელიც ადამიანის მსხვერპლშეწირვის დასასრულს და მის ნაცვლად ოთხფეხა შინაური ცხოველის შეწირვას უკავშირდება, როცა უფალმა ბიბლიურ აბრაამს საკუთარი შვილის ნაცვლად ცხვრის შეწირვის ნება მისცა.
ამ დღეს შეწირული ცხოველის ხორცი, პირველ რიგში, უპოვრებს უნდა გადაეცეთ, ნაწილი იმ მეზობლებსა და ახლობლებს, ვინც მსხვერპლის შეწირვას ვერ ახერხებს. ბაირამი მიტევებისა და შერიგების დღესასწაულიცაა; მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ ასევე მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს.
ყურბან ბაირამი სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.