ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა რამადან ბაიარამი აღნიშნეს
ერთთვიანი მარხვის შემდეგ, ქართველმა მუსლიმებმა რამადან ბაიარამი აღნიშნეს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. ლოცვა მათ დისტანციის დაცვით და პირბადეებით შეასრულეს.
19 მარტის შემდეგ დღემდე, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები შეჩერებული იყო. ბაირამის დღესასწაულზე პანდემიის პირობებში მუსლიმი მრევლი ორთაჯამეში პირველად შეიკრიბა. მათმა ნაწილმა ლოცვა ისევ ქუჩაში შეასრულა.
„მინდა, მივულოცო ბაირამის უდიდესი დღესასწაული ყველა მუსლიმს. მადლობა მინდა, გადავუხადო მრევლს ასეთი ორგანიზებული მოქმედებისთვის. განვიცდიდით მრევლთან დისტანცირებას პანდემიის პირობებში. მადლობა ღმერთს, სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, რასაც შევთხოვდით ღმერთს ყველა მორწმუნე და საშუალება მოგვეცა, შევკრებილიყავით. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, მთელი მსოფლიო, ამ წესების დაცვით გაგრძელდება მეჩეთებში პარასკევის ლოცვები“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
რამადან ბაირამი ერთთვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნება. მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღესასწაულზე ლოცვასთან ერთად მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას, მოინახულებენ წინაპართა საფლავებს და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ქართველი მუსლიმების ტრადიციით, ამ დღეს აუცილებლად მოსამზადებელი ტკბილეულია ჰალვა.