ბათუმის ბულვარში საზოგადოება „ბათომის“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ბულვარი ბათუმის ნამახვანია“, „გაბედე შენც“, „არ დავთმობთ ბულვარს“ – ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ შეკრებილები, რომლებიც ამბობენ, რომ ბულვართან მრავალსართულიანი კორპუსებისა და სხვა სახის შეუსაბამო მშენებლობებს არ დაუშვებენ.
აქცია სიმბოლურად ძეგლთა დაცვის საერთაშოროსო დღეს დაამთხვიეს და აღნიშნეს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ.
„ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს შევიკრიბეთ ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად. შევახსენებთ ყველას, რომ ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამინების უსამართლოდ ჩაგვრა. ბათუმი აღარ ითმენს უკიდურეს უსამართლობასა და უკანონობას“, – განაცხადეს აქციაზე.