ბათუმის ბულვარში განახლებული კაფე „რვაფეხა“, იგივე „ფანტაზია“ გაიხსნა. მას ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია და შენობა თავდაპირველი სახით აღდგა.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.
კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ 2017 წლის მაისში დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები. შენობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოზაიკა მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში განახლდა დაზიანებული იატაკი. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა ფანტანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.