ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილების მეპატრონეები აქციას მართავენ
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან აქციას ელექტრომობილების მეპატრონეები მართავენ და იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბულვარის ტერიტორიაზე უკვე წლებია ელექტრომობილებს ტურისტებზე აქირავებენ, თუმცა იმ მოტივით, რომ ელექტრომობილებით გადაადგილების შედეგად ადამიანების დაზიანების შემთხვევები გახშირდა, ადმინისტრაციამ მათი გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ვითხოვთ რეგულაციების შემოღებას, არ შეიძლება მთლიანად აკრძალვა, 1500 ელექტრომობილი დადიოდა, ჩვენ თანახმა ვართ, 300-მდე შემცირდეს, რაც სიტუაციას გამოასწორებს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და აცხადებს, რომ შესაძლოა, ბულვარის ადმინისტრაცია თავად გეგმავს ელექტრომობილების შეძენას.
ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არის საზოგადოების დაკვეთა.
„არც ერთ მფლობელს არ აქვს კონტრაქტი რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, რა რეგულაციები შეიძლება ამოქმედდეს, ათობით ბავშვი დაზიანდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც და საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.