ბათუმის ავტოსადგურში დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს
ბათუმის ავტოსადგურში, დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი დააკავეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება გარემოვაჭრეებს უკავშირდება, რომლებიც ორი დღის წინ წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ ავტოსადგურში გადაიყვანა. გარემოვაჭრეები მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქციები გარემოვაჭრეებმა გუშინ იმ პირობით შეწყვიტეს, რომ მერია მათთვის ავტოსადგურის ეზოში ჯიხურებს მოაწყობდა, სადაც ვაჭრობას შეძლებდნენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, ავტოსადგურის ადმინისტრაციამ დღეს მათ ვაჭრობის გასაგრძელებლად თანხა მოსთხოვა. ამასთან, მათი თქმით, გაირკვა, რომ ჯიხურები საკუთარი სახსრებით უნდა მოაწყონ.
შექმნილი ვითარების გაპროტესტების დროს, ავტოსადგურში გარემოვაჭრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„გუშინ შევთანხმდით, რომ ეზოში ჯიხურები განთავსდებოდა, თუმცა მოგვატყუეს და გვითხრეს, რომ ჯიხურები ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ ან ავტოსადგურის მეორე სართულზე განვაგრძოთ ვაჭრობა. ამას ვეწინაღმდეგებით, ასე არ შევთანხმებულვართ. ვითხოვთ, ავტოსადგურის ეზოში მოგვეცეს ვაჭრობის უფლება და ჯიხურები დაგვიდგას მერიამ“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ინდირა ბერიძე.
ასევე, აქციის მონაწილე დარეჯან ბერიძის განცხადებით, გუშინ შეთანხმდნენ, რომ გადახდას ორი თვის შემდეგ დაიწყებდნენ და ეტაპობრივად დაფარავდნენ, თუმცა დღეს პირობები შეიცვალა.
„მოგვთხოვეს, თითოეულმა მოვაჭრემ ჯიხურისთვის წინასწარ 100 აშშ დოლარი გადავიხადოთ. ჩვენ არ დავთანხმდით და ამას მოჰყვა ხმაური. ჩხუბის დროს რამდენიმე მაგიდა დაზიანდა და ერთი პირი დააკავეს“, – განაცხადა დარეჯან ბერიძემ.
მამაკაცი, რომელმაც დაპირისპირების დროს რამდენიმე მაგიდა დააზიანა, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ მოვაჭრეები შეცდომაში შეიყვანეს და ისინი გადასახადებს არ გადაიხდიან, მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაფარავენ კომუნალურ ხარჯებს. რაც შეეხება ჯიხურებს, მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოვაჭრეებს თანადაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით მოუწყობენ.