ბათუმის ახალ ბულვარში მოქალაქეები სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ
ბათუმის ახალ ბულვარში მოქალაქეები სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმის ახალ ბულვარში საზოგადოების ნაწილი 50 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს აპროტესტებს.

რამდენიმე დღეა მოქალაქეები სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ. მათი თქმით, შენობა ახალი ბულვარის სანაპიროზე პირდაპირ ველობილიკს ესაზღვრება. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ფაქტობრივად, ბათუმის სანაპირო იკეტება.

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიან ელიზიანი პირველ არხთან აცხადებს, რომ მშენებლობა გარდა იმისა, რომ ამახინჯებს ბულვარს და სანაპიროს, შესასწავლია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

„ინვესტიცია მნიშვნელოვანია, თუ იგი სწორად არის დაგეგმილი. ინვესტორს უნდა, რომ ძალიან ახლოს იყოს ზღვასთან, მაგრამ შენობა ფაქტობრივად, ველობილიკზეა გადასული და გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოების კუთხითაც არის შესასწავლი, რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა სანაპიროსთან ასე ახლოს. ამ ადგილზე მოგეხსენებათ, ზღვის მიმოქცევის შედეგად მუდმივად ირეცხება სანაპირო“, – განაცხადა ზვიად ელიზიანმა.

როგორც ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, მშენებლობის ნებართვა 2016 წლის მარტში გაიცა, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში. ამდენად, მათივე თქმით, ამომწურავ პასუხს ვერ გასცემენ შეკითხვებას ნებართვასთან დაკავშირებით.

მათივე განცხადებით, ფაქტობრივად, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომ მოხდეს ინვესტორის კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გადახედვა ან შეჩერება.

7700 კვადრატულ მეტრზე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობის შესახებ შეთანხმება აჭარის მთავრობასა და შ.პ.ს „რეკან გრუპ ჯორჯია“-ს შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. კომპანიამ ხელშეკრულება რამდენჯერმე დაარღვია, თუმცა ვადები გადაუვადეს ისე, რომ არ დაუჯარიმებიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვადების დარღვევასთან დაკავშირებით კომპანიამ წარმოადგინა დასაბუთება. სამინისტრომ კომპანიას საკუთრებაში მიწის ნაკვეთი 2014 წელს გადასცა.

„კომპანიას მიწის ნაკვეთი პირობით გადაეცა. მან უნდა გადაიხადოს 3 მილიონი აშშ დოლარი და 2019 წელს შეიყვანოს ექსპლუატაციაში სასტუმრო კომპლექსი, დაასაქმოს 450 მოქალაქე და საერთო ჯამში განახორციელოს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია. 2014 წელს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს ტერიტორია კახაბრის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, მის გასხვისებასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა საქართველოს კანონმდებლობით არ არსებობდა“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ.